ოპოზიციის წარმომადგენლები აჩვენებენ საკუთარ სახეს, ქვეყნის დასჯა, ქვეყნის უკუსვლა - ეს არის მათი მიზანი და ინტერესი, თუმცა ამდენი ხნის განმავლობაში ხედავთ, რომ ვერაფრით დასაჯეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო აგრძელებს განვითარებას ყველა მიმართულებით და აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, რათა ქვეყანამ წინ წაიწიოს, მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ეკონომიკურ განვითარებაზე.
„ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის გაგრძელებაა ის, რასაც აწარმოებს ოპოზიცია მთელი ამ დროის განმავლობაში. ისინი აჩვენებენ საკუთარ სახეს, ქვეყნის დასჯა, ქვეყნის უკუსვლა - ეს არის მათი მიზანი და ინტერესი, თუმცა ამდენი ხნის განმავლობაში ხედავთ, რომ ვერაფრით დასაჯეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფო. სახელმწიფო აგრძელებს განვითარებას ყველა მიმართულებით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ ქვეყანამ წინ წაიწიოს, მათ შორის განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ეკონომიკურ განვითარებაზე. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ჩვენმა მოსახლეობამ იცხოვროს იმაზე უკეთესად, ვიდრე გვაქვს დღევანდელი მდგომარეობა. ეკონომიკა იზრდება, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით ჯერ კიდევ ვერ ვიქნებით კმაყოფილი. ჩვენ გვინდა, დავეწიოთ განვითარებული ქვეყნების სტანდარტებს, ამისათვის გვჭირდება შეუქცევადი და შეუფერხებელი განვითარება. არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ, ხელოვნური დაბრკოლებები შეუქმნან ჩვენს ქვეყანას განვითარების გზაზე, თუმცა ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.