საქართველოს ლეიბორისტული პარტია ევროპის ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის წევრი გახდება. ამ შედეგით დაბრუნდა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო მდივანი ნესტან კირთაძე სოფიადან, სადაც ევროპის აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაზე საქართველოს ლეიბორისტული პარტია მიწვეული იყო ევროპარლამენტის ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის ქრისტიან ვიგენინის, ევროპარლამენტის სოციალისტური ფრაქციისა და ბულგარესის სოციალისტური პარტიის მიერ. კონფერენეციაში მონაწილეობდნენ ევროპარლამენტის, ევროკომისიისა და ევროპის აღმოსავლეთის პარტნიორობის პოლიტიკის ფარგლებში შემავალი ქვეყნების პოლიტიკური წარმომადგენლობა და ამ ქვეყნების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ბულგარეთის რესპუბლიკაში. კონფერენციაზე დეტალურად განიხილეს ევროპის აღმოსავლეთის პარტნიორობის პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტები. ფორუმზე დიდი ადგილი დაეთმო სამხრეთ კავკასიისა და კონფლიქტების დარეგულირების საკითხებს.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ნესტან კირთაძე, რომელმაც კონფერენციის მონაწილეებს დეტალურად გააცნო საქართველოს ლეიბორისტული პარტიის საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები, მათ შორის რეგიონის მშვიდობიან განვითარებასა და რუსეთთან მშვიდობიანი სამეზობლო ურთიერთობების დალაგების შესახებ.
კირთაძემ ხაზი გაუსვა ლეიბორისტული პარტიის კიდევ ერთ პრიორიტეტს, რაც ევროპასთან ინტეგრაციის გაძლიერების პოლიტიკას უკავშირდება.
"ჩვენ ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანა ვართ და ჩვენთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლის პოლიტიკურ პროცესს. არ მიწყინონ ჩვენმა კოლეგებმა ევროპარლამენტიდან და ევროკომისიიდან, მაგრამ ვფიქრობ, თეორიული და სემინარული ურთიერთობებიდან უკვე დროა გადავიდეთ ინტეგრაციის პრაქტიკულ და რეალურ ურთიერთობებზე, მაგალითად, რეალური უნდა იყოს საკითხი ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობისა და გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ. დროა, ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა ხელი შეუწყონ საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ორმხრივ და მრავალმხრივ თანამშრომლობას ევროპარლამენტთან და ევროკავშირის სხვა პოლიტიკურ სტრუქტურებთან", - განაცხადა კირთაძემ კონფერენციაზე.
კონფერენციის ფარგლებში კირთაძემ ორმხრივი შეხვედრებიც გამართა, რომლის დროსაც მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ საქართველოს ლეიბორისტული პარტია გახდება ევროპარლამენტის ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის წევრი.
საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში კირთაძემ შეხვედრები გამართა ევროპარლამენტის ევროკომისიის წარმომადგენლებთან, აგრეთვე აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, ბელორუსიის და სხვა მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლობებთან და ელჩებთან.
გარდა ამისა, კონფერენციის ფარგლებში გაიმართა კირთაძის შეხვედრა ბულგარესის სამეცნიერო-აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან, მას შორის ცნობილ კავკასიოლოგთან და საერთაშორისო ექსპერტთან კავკასიის საკითხებში, პროფესორ ნინა დიულგეროვასთან, რომელიც უახლოესს მომავალში თბილისს ეწვევა.