პარტია "თავისუფლების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო სადღობელაშვილი პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველოში არ იბოგინონ ისეთმა ჯგუფებმა, რომლებიც ძირს უთხრიან ქვეყნის ფასეულობებს.
როგორც სადღობელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მისთვის ქრისტიანული მორალის და სამშობლოს დაცვა ათეისტი რადიკალებისგან და გეებისგან, ბევრად მეტ ღირებულებას წარმოადგენს, ვიდრე საკრებულოს დეპუტატობის მანდატი.
"ყველაფერს ვიღონებ, რომ საქართველოში არ იბოგინონ ისეთმა ჯგუფებმა, რომლებიც შეურაცხყოფენ და მიზანმიმართულად ძირს უთხრიან ყველა იმ ფასეულობებს, რომელმაც აქამდე მოიყვანა საქართველო და ქართული ერი", - განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა.
სადღობელაშვილს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) დაუპირისპირდა. დაპირისპირება გამოიწვია სადღობელაშვილის მიერ სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულმა განცხადებამ - "საქართველო ჰომოსექსუალების გარეშე". განცხადებაში კანდიდატი რელიგიურ და სოციალურ უმცირესობებზედაც საუბრობს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ სადღობელაშვილმა საარჩევნო კოდექსის მოთხოვნები დაარღვია, რადგან კოდექსის თანახმად, საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ უფლება თავიანთ პროგრამაში ძალადობის პროპაგანდას ეწეოდნენ.
საიაში მიიჩნევენ, რომ ეს მისი რეგისტრაციიდან მოხნის საფუძველი შეიძლება გახდეს. ასოციაცია ცესკოს სადღობელაშვილის არჩევნებიდან მოხსნას სთხოვს.