ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძემ აშშ-ის ელჩის მიერ ,,რუსთავი 2“ - ის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საზოგადოებამ ინტერპრეტაციის გარეშე, ზუსტად უნდა იცოდეს აშშ-ის ელჩის მოსაზრება.
”საქართველოს ხელისუფლებაც და მოსახლეობაც ყოველდღიურად ვხედავთ და ვგრძნობთ აშშ-ს მხარდაჭერას თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით. ცხადია, აშშ-ს ოფიციალური პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ყურადღებით ვისმენთ და აღვიქვამთ, როგორც მეგობრის, კეთილისმსურველის პოზიციას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ზუსტად და არასწორი ინტერპრეტაციის გარეშე იცოდეს ელჩის მოსაზრება. ელჩი პოზიტიურად აფასებს კორცხელთან დაკავშირებულ რეაგირებას. რაც შეეხება “რუსთავი 2”-ის საქმეს: იან კელიმ ხაზი გაუსვა და პირველ რიგში შეეხო სასამართლოს დამოუკიდებლობის და პროცესის ობიექტურობის მნიშვნელობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ელჩმა აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია ნებისმიერი საქციელი, რომელიც ჩრდილს მიაყენებს სასამართლო მოხელეს ან მთელ ინსტიტუტს, ისევე, როგორც ეს ხდება მის ქვეყანაში”, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ელჩმა ასევე ზოგადი განცხადებისას აღნიშნა, რომ მაგალითად ამერიკაში საარჩევნო წელს ოპოზიციური მედიის მფლობელის და მენეჯმენტის შეცვლა იქნებოდა მიუღებელი და იმედი გამოთქვა, რომ ეს არც საქართველოსთვისაა მისაღები.
”თუმცა, ელჩმა განცხადების დასაწყისშივე განაცხადა, რომ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და ამიტომ მხოლოდ ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა. სამწუხაროდ ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მისი კომენტარი სახეცვლილად თარგმნა. ამასთან დაკავშირებით ყველას ახსოვს პრემიერ-მინისტრის კომენტარიც, დიახ, ზუსტად იგივე გზავნილი იყო გაჟღერებული, რომ ხელისუფლებას არ შეიძლება ხელს აძლევდეს ამ საკითხში ჩარევა, ხელისუფლება პირველ რიგშია დაინტერესებული პროცესის ობიექტურად წარმართვით და განსაკუთრებით საარჩევნო წელს არავის სურს არხის მენეჯმენტში ან სარედაქციო პოლიტიკაში ცვლილებების ხილვა, თუმცა საბოლოო სიტყვა სასამართლოს ეკუთვნის და არ გვსურს ჩვენი კომენტარები გაგებული იყოს რაიმე ტიპის ზეგავლენად”, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
იან კელის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში წინასაარჩევნოდ, რომელიმე მედიაორგანიზაციას მენეჯმენტის ან მესაკუთრეების შეცვლის საფრთხე დაემუქროს, ეს ყველასთვის მიუღებელი იქნებოდა. მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს ”რუსთავი 2”-ის სასამართლო პროცესი და კონკრეტულად ამაზე ვერ ისაუბრებს.
”ამერიკის შეერთებულ შტატებში ნებისმიერი ტელევიზიის, ან მედიაორგანიზაციის წინააღმდეგ რომ მიდიოდეს სასამართლო პროცესი და საშიშროება შეიქმნას იმის, რომ როგორც მენეჯმენტი, ასევე მესაკუთრეები შეიძლება შეიცვალოს, აბსოლუტურად მიუღებელი იქნებოდა, როგორც მედიისთვის, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, ასევე ხელისუფლებისთვის. ამიტომ, მე მინდა ნათლად გამოვთქვა ჩემი აზრი - ეს მიუღებელია და ამის მიმართ ტოლერანტობა გამოხატული არ იქნებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ისევ ვიმეორებ, საარჩევნო პერიოდში და არ უნდა იყოს ამის მიმართ ტოლერანტობა საქართველოში”, -განაცხადა იან კელიმ.