პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ნიკო მჭედლიშვილმა ნიკა გილაურის საარჩევნო რგოლთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.
როგორც მჭედლიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ადგილობრივი არჩევნების თარიღის მოახლოებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა, მიემართა მოსახლოებისთვის, ასევე სახელმწიფო მოხელეებისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს დემოკრატიული, თავისუფალი გარემო წინასაარჩევნო პროცესში და არჩევნების დღეს.
მისივე თქმით, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ მთავრობა არ დაუშვებს ზოგიერთი სახელმწიფო ჩინოვნიკის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის დროს და ხმის მიცემისას ზეწოლის მცედელობას.
შეგახსენებთ, რომ სოციალური ვიდეორგოლი, სადაც პრემიერ-მინისტრი მოსახლოებას მიმართავს ტელეეთერებში რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. მასში გილაური ხაზს უსვავს რამდენიმე მომენტს, რომელიც კანონით ისჯება. ესენია - არჩევნებში მონაწილე კანდიდატებზე ზეწოლა კანდიდატობის მოხსნის მიზნით, ამომრჩევლის ხმის სანაცვლოდ გასამრჯელოს დაპირება, ამომრჩევლის მოტყუება, თითქოს ხმის მიცემის ფარულობა არ იქნება დაცული და გადამოწმდება ვინ ვის მისცა ხმა, ხელმძღვანელების მიერ თანამშრომლებზე მუქარა ან ზეწოლა, რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ ან საწინაარმდეგოდ, ამომრჩევლის ხმების სანაცვლოდ მათი ახლობლების საპატიმრო ადგილებიდან გამოშვების დაპირება და არჩევნების შედეგების საარჩევნო დოკუმენტების რაიმე ფორმით გაყალბება ან საარჩევნო პროცესის ჩაშლა.
"ეს არჩევნები უნდა გახდეს კიდევ ერთი წინ გადადმგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე" - აცხადებს ნიკა გილაური ვიდეორგოლში.