ხვალ, 24 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ახალ ოფისს გახსნის.
პრეზენტაციას ასევე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე, სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრებიან.
მიწვეულ სტუმართა შორის იქნებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, აშშ-ის, გერმანიის, იტალიისა და სხვა ქვეყნების ელჩები. ღონისძიებას აგრეთვე დაესწრებიან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
აღსრულების ეროვნული ბიუროს სათავო ოფისი ამ დრომდე ავლაბარში, ქეთევან წამებულის #1-ში იყო განთავსებული. ახალი საოფისე შენობა კი დიღმის მასივში, აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილმეტრზე მდებარეობს. იგი უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი და თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. შენობაში აღსრულების ეროვნული ბიუროსა და თბილისის სააღსრულებო ბიუროს თანამშრომლები განთავსდნენ. მათ ახალ შენობასთან ერთად ახალი საოფისე ინვენტარიც გადაეცათ.
აღსრულების ეროვნული ბიურო, საქართველოს მასშტაბით, 10 რეგიონულ ოფისს ფლობს, რომელთა ევროპულ სტანდარტებზე გადასვლის პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს. ახალი საოფისე შენობები ქვემო ქართლში, იმერეთში, გურიაში, გორში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში უკვე გაიხსნა. სააღსრულებო ბიურო ტერიტორიული ოფისების ევროპულ სტანდარტებზე გადასვლის პროცესს მომავალშიც გააგრძელებს.