თბილისის აფროსანთა კავშირის ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, 7 და 8 მაისს თბილისის ზღვაზე ჩატარდა თბილისის პირველობა, საქველმოქმედო რეგატა "ერთად ავწიოთ აფრები", სადაც თბილისელ აფროსნებთან ერთად მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვები (საქართველოს SOS ბავშვთა სოფლიდან) იღებდნენ მონაწილეობას.
პროექტი ორი კომპონენტისაგან შედგებოდა: საქველმოქმედო რეგატა და მოზარდთა შორის თბილისის პირველობა "ოპტიმისტის" საერთაშორისო კლასში.
ოპტიმისტის საერთაშორისო კლასში თბილისის პირველობა 4 რბოლისგან შედგებოდა, სადაც 8-14 წლამდე ასაკის მოზარდებმა მიიღეს მონაწილეობა. საპრიზო ადგილები გაინაწილეს: ნიკოლოზ თათარიშვილმა (I ადგილი), გიორგი ქიტუაშვილმა (II ადგილი) და ალექსანდრე ჯებირაშვილმა (III ადგილი).
საკრეისერო იახტების რბოლაში გამარჯვებული გახდა იახტა ‘ბორჯომი“, გიორგი დავითაშვილის კაპიტნობით.
„თბილისის აფროსანთა კავშირი დედაქალაქის მასშტაბით საიალქნო სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ასევე ჩვენი მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის ფორმირება და ახალგაზრდა სპორტსმენთათვის ხელის შეწყობა. ისეთ საზღვაო ქვეყანაში, როგორის საქართველოა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სპორტის ამ სახეობის განვითარება. მომავალში კი ბევრ საინტერესო სიახლეს ვგეგმავთ“ - განაცხადა თბილისის აფროსანთა კავშირის დამფუძნებელმა თემო გოცაძემ.