თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით 13 მაისს 18:00 საათზე დიდი საკონცერტო დარბაზის ფოიეში მოეწყობა ანსამბლ „სახიობას“ განვლილი გზის ამსახველი ფოტო გამოფენა, განახლებული ვებ გვერდის და ახალი ალბომის პრეზენტაცია, რომელშიც შესულია 2012 წლის სოლო კონცერტის ვიდეო და 2015 წელს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მხარდაჭერით განხორციელებული აუდიო ჩანაწერი. ასევე, მოეწყობა 10 წლის განმავლობაში გამოშვებული ალბომების გაყიდვა.
19:00 საათზე ღონისძიება ტრადიციული მუსიკის კონცერტით გაგრძელდება, რომელზეც „სახიობა“ წარმოადგენს 10 წლის განმავლობაში შესწავლილ საუკეთესო სიმღერებს. კონცერტში აგრეთვე მონაწილეობას მიიღებს „სახიობას“ და მამადავითის ტაძრის მგალობელთა გუნდის წევრთა 7 ანსამბლი, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოღვაწეობს.
„სახიობა“ 2006 წელს დაარსდა. 2003 წლიდან მოყოლებული ბიჭები თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიაში სწავლობდნენ საეკლესიო გალობას და ხალხურ სიმღერას და ამის საფუძველზე შეიქმნა ფოლკლორული ანსამბლი. 2008 წლიდან მათი უმეტესი ნაწილი მთაწმინდის მამადავითის ტაძარში გალობს, რა დროიდანაც ჩამოყალიბდა მამადავითის ტაძრის მგალობელთა გუნდი. 10 წელია ისინი მოღვაწეობენ. ამ ხნის განმავლობაში ბევრს შრომობდნენ. სწორედ ამ ნაშრომის წარმოდგენა გაიმართება 2016 წლის 13 მაისს თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში.