დღეს, 23 მაისს, თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი რიგ შეხვედრას გამართავს.
ოფიციალური ინფორმაციით, შვედ დიპლომატს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, უშიშროების საბჭოს მდივანი ეკა ტყეშელაშვილი, საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი გელა ბეჟუაშვილი, ბოლოს კი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ კარლ ბილდტი უკვე შეხვდა ქართველ კოლეგა გრიგოლ ვაშაძეს, რომელზეც მხარეებმა ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები, თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განიხილეს.
ხაზი გაესვა საქართველოსთვის გათვალისწინებულ შვედეთის ახალ სტრატეგიას 2010-2013 წლებისთვის, მიმდინარე წლის ივნისის თვეში დაგეგმილ შვედურ-ქართული ბიზნეს-ფორუმის მნიშვნელობას.
გარდა ამისა, მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესის მიმდინარეობაზე და ამ მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში 24 მაისამდე გასტანს.