საქართველოს პრეზეიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს უმრავლესობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ზოგიეთი პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო დაპირება არავითარ ჩარჩოში არ ჯდება.
"ჩვენც ვყოფილვართ ოპოზიციაში და გახსოვთ, რომ ჩვენი დაპირებები იყო მინიმალური. ჩვენ დავპირდით ხალხს 5 ჰა-ზე ნაკლები მიწის გადასახადისგან გათავისუფლებას, მაშინდელი 14-ლარიანი პენსიის გაორმაგებას, ძველი დავალიანებების გასტუმრებასა და პირველკლასელებისთვის სახელმძღვანელოების დარიგებას. მინიმუმზე მინიმუმი დაპირებები იყო. დავპირდით იმას, რაც იყო რეალურად შესრულებადი", _ განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, "დღეს, ეს ხალხი პანიკაშია, თავიანთი რეიტინგების კლების გამო და მოსახლეობას მალე, ალბათ, მარსზე გაფრენასაც დაჰპირდებიან".
"ტელევიზიით, რეკლამებით ხალხს ჰპირდებიან ყველაფერს მსოფლიოში და მალე ალბათ მარსზე და მთვარეზე გაფრენას დაპირდებიან ხალხს. ეს უკვე არანაირ ჩარჩოში არ თავსდება.
ჰპირდებიან უფასო ჯანდაცვას მთლიანად, უფასო წამლებს, უფასო კვებას, უფასო მგზავრობას, უფასო ცხოვრებას, კომუნიზმს - უკვე აყვავებულს უმაღლეს რანგში", _ აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი და დასძენს, რომ ხალხს საქართველოში ძალიან უჭირს, მაგრამ ნურავის ნუ ჰგონია, რომ გაჭირვებული ადამიანი ადვილად გაასულელოს.
"ჩვენ გვყავს ბევრი გაჭირვებული, მაგრამ ნამდვილად არ გვაქვს არამოაზროვნე და გაუთვითცნობიერებელი საზოგადოება", _ აცხადებს სააკაშვილი.