საქართველოს პრეზიდენტისა და უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემედეგ ჟურნალისტებთან საუბრისას უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, პრეზიდენტთან როგორც საარჩევნო ასევე საგარეო პოლიტიკის და ქვეყნისთვის სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
"ჩვენი პრეზიდენტთან შეხვედრა ტრადიციულია. პრეზიდენტს ვაწვდით ინფორმაციას და, შესაბამისად, მისგანაც ვიღებთ. ვსაუბრობთ კონკრეტულ გეგმებზე. ახლა წინასაარჩევნო პერიოდია და ჩვენი კოლეგები რეგიონებში მოსახლეობას ხვდებიან. გვაცნობენ პრობლემებს, რომელიც ხალხს აწუხებს. სწორედ აღნიშნულზე ვისაუბრეთ პრეზიდენტთან", - განაცხადა ცისკარიშვილმა.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე სააკაშვილთან ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზედაც ისაუბრეს. პრეზიდენტმა უმრავლესობის წევრებს აშშ-სა და ცენტრალურ ამერიკაში თავისი ვიზიტების შედეგები გააცნო.
"საუბრისას შევეხეთ განათლების სისტემას, რომელიც სწრაფად უნდა განხორციელდეს, რომ შედეგი მალე მივიღოთ. ასევე ვისაუბრეთ ჯანდაცვის სისტემაზე, სადაც ბოლო პერიოდში ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული პრობლემები გვქონდა და რაც ამ ეტაპზე მოგვარებულია. ჩვენ დავიწყეთ ფაქტობრივად ჯანდაცვის რეფორმის ახალი ტალღა და გვსურს, ჩვენს მოსახლეობაზე ეს სწრაფად და ეფექტურად აისახოს", - განაცხადა ცისკარიშვილმა.