"ქართული აკადემიის" წევრები თბილისის მერის არჩევნების მოსალოდნელ შედეგებზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებენ და არჩევნებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ.
როგორც "ქართული აკადემიის" წევრმა თემურ ნანეიშვილმა დღეს, აკადემიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, უნდა მოხდეს წინასაარჩევნო პროგრამების ჯანსაღი განხილვა და ითქვას, რომელი პროგრამაა ყველაზე რეალური.
"ფუჭი დაპირებებით ძალიან ბევრი რამე გაფუჭდა. სინამდვილეში მთელ განვლილ პერიოდში ერთი ძალა გამოდის, პირობებს იძლევა და არ ასრულებს", _ განაცხადა ნანეიშვილმა.
მისივე თქმით, მერის არჩევნების შედეგებზე "დიდი პასუხისმგებლობა" ეკისრება ოპოზიციას.
"მერის არჩევნებზე ოპოზიციის რამდენიმე კანდიდატია წარმოდგენილი, ოპოზიციამ უნდა გათვალოს, რომ შესაძლოა მათი მხარდამჭერების ჯამმა სახელისუფლებლო კანდიდატის მხარდამჭერთა ჯამს გადააჭარბოს", _ განმარტა ნანეიშვილმა.