ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელი გურამ ჩახვაძე მესტიაში, 3 მაისს მომხდარი ინციდენტის გონივრულ ვადებში გამოძიებას ითხოვს.
ამის შესახებ ჩახვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"სახელმწიფო უწყებებიდან ყველა წინასაარჩევნო დარღვევაზე რეაგირების პირობა არსებობს, მაგრამ რეალური შედეგისთვის კონკრეტულ საკითხებზე გამოძიებები გონივრულ ვადებში უნდა დაიწყოს. რაც შეეხება მესტიას, 3 მაისს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ზაზა გოროზიას და სამართალდამცველების ე.წ. საარჩევნო სპეცოპერაცია განხორციელდა და ოპოზიციის კანდიდატებს არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა ურჩიეს.
ყველა კანდიდატმა გარდა ერთისა, რომელთაც უარი თქვეს კენჭისყრაზე, შემდგომში განცხადებები დახიეს და ისინი საარჩევნო პროცესში კვლავ ჩართულნი იქნებიან, თუმცა ეს საკითხი რეალურად უნდა იყოს გამოძიებულნი და დამნაშავეები დასჯილნი", - განაცხადა ჩახვაძემ.
მისივე ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია ამ ფაქტის შემდეგ უკვე შევებულებაშია, თუმცა თავადაც ეჭვობს, რომ ეს საკმარისი იყოს რეაგირებისთვის.
რაც შეეხება სხვა დარღვევებს, ჩახვაძის ინფორმაციით, უმრავლესობაში ფაქტებზე რეაგირება უკვე არის, თუმცა კონკრეტულ საკითხებზე კონკრეტული გამოძიება უნდა დაიწყოს, რაც საარჩევნო პროცესისადმი ამომრჩევლის ნდობასაც გაზრდის.