საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას უკანასკნელ დღეებში რუსეთის საოკუპაციო ძალების და მათი კონტროლის ქვეშ მყოფი ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების გამო. შესაბამისი განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
აღნიშნული განცხადება გუშინ 19 მაისს ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, რომლის შედეგადაც საქართველოს მოქალაქე ვახტანგ ქოქოჩიშვილმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.
"2010 წლის 19 მაისს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სიახლოვეს ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირში საკუთარ ბაღში დამონტაჟებული ხელყუმბარის აფეთქების შედეგად სხეულის დაზიანებები მიიღო 26 წლის ვახტანგ ქოქოჩიშვილმა. ამავე დღეს რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ იქნა დაკავებული და შემდგომ გათავისუფლებული საქართველოს 8 მოქალაქე", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინიტროს განცხადებაში.
იმავე განცხადების მიხედვით, მოყვანილი ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები და ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი აგრძელებენ პროვოკაციებს და ცდილობენ მდგომარეობის დაძაბვას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რაც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიანი შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცებისა და მათზე თავდასხმის ფაქტებს და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას მეტი ყურადღებით მოეკიდოს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების და საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტებს", - აღნიშულია განცხადებაში.