იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უცხოელ მოქალაქეებს ახალ, გამარტივებულ სერვისს სთავაზობს. ამიერიდან პირებს, რომელთა ბიზნესი ბიზნესოპერატორის საქმიანობას ან საზღვარგარეთ შრომით მოწყობას უკავშირდება, რეგისტრაციისთვის სავალდებულო კითხვარის შევსება ინგლისურ ენაზეც შეეძლებათ. ქართულ-ინგლისურენოვანი კითხვარი ბიზნესის რეესტრის პროგრამაში უკვე ინტეგრირებულია.
ამ დრომდე აღნიშნული კითხვარი მხოლოდ ქართულ ენაზე არსებობდა და მის შესავსებად უცხოელ მოქალაქეებს თარგმნა უწევდათ, რაც დამატებითი დროისა და ფინანსური რესურსის ხარჯვას უკავშირდებოდა. სერვისის დანერგვის შემდეგ, მათ ამ თანხის გადახდა აღარ მოუწევთ. ამას გარდა, ქართული ენის არცოდნა ან არასწორი თარგმანი ხშირად ხარვეზების გამომწვევი მიზეზიც ხდებოდა. ახალი სერვისი ამგვარ შემთხვევებსაც მინიმუმამდე დაიყვანს, უცხოელი მოქალაქეებისთვის კი საჯარო რეესტრთან ურთიერთობას კიდევ უფრო მარტივს, სწრაფსა და კომფორტულს გახდის.
როგორც ცნობილია, ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის ვალდებულება ეკისრებათ პირებს, რომელთა საქმიანობაც უკავშირდება სურსათის, ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას, აგრეთვე, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მომსახურებას, ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას(გარდა პირველადი წარმოებისა) ან გადამუშავებას. საჯარო რეესტრში რეგისტრაციას გადიან ის მეაწრმე-სუბიქეტებიც, რომელთა საქმიანობაც საზღვარგარეთ შრომით მიგრაციასთანაა დაკავშირებული.
აღსანიშნავია, რომ კითხვარის გარდა, საჯარო რეესტრი საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციის მსურველ უცხოელ მოქალაქეებს ქართულ-ინგლისურენოვანი წესდების ნიმუშსაც სთავაზობს, რაც მათ საშუალებას აძლევს, ქართულ-ინგლისურენოვანი წესდება მარტივად, საჯარო რეესტრის ვებგვერდზე www.napr.gov.ge ბიზნესის რეესტრის დოკუმენტების ჩამონათვალში მოიძიონ, ჩამოტვრითონ, შესაბამისი ველები შეავსონ და სარეგისტრაციოდ საჯარო რეესტრში წარადგინონ.