პენტაგონმა განაცხადა, რომ აშშ-ის ძალებმა ინდოეთის ოკეანეში ტანკერი Aquila II დააკავეს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევის გამო.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ღამის განმავლობაში აშშ-ის სამხედრო ძალებმა ინციდენტების გარეშე ჩაატარეს გემ Aquila II-ის დაკავება.
„Aquila II მოქმედებდა პრეზიდენტ ტრამპის მიერ კარიბის ზღვის აუზში სანქცირებული გემების კარანტინის გამოცხადების საწინააღმდეგოდ. ის გაიქცა და ჩვენ გავყევით. ომის დეპარტამენტი აედევნა აგემს კარიბის ზღვის აუზიდან ინდოეთის ოკეანემდე. დედამიწაზე არცერთ სხვა ქვეყანას არ აქვს ძალაუფლება, რომ თავისი ნება ნებისმიერ ტერიტორიას თავს მოახვიოს. ხმელეთზე, ჰაერში თუ ზღვაზე, ჩვენი შეიარაღებული ძალები თქვენ გიპოვიან და დაგსჯიან“, - ნათქვამია განცხადებაში.
ტანკერი „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილად მიიჩნევა და აფილირებულია კომპანია SUNNE CO LIMITED-თან, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა სანქციები 2025 წლის 10 იანვარს დაუწესა რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში საქმიანობის გამო.
აშშ-მა კარიბის ზღვის აუზში ტანკერი Olina 9 იანვარს დააკავა, ვაშინგტონის მიერ ვენესუელური ნავთობის ექსპორტის შეზღუდვის გაძლიერებული მცდელობების ფონზე.
7 იანვარს კი აშშ-ის სამხედროებმა კონტროლი დაამყარეს ორ ტანკერზე, მათ შორის რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ Bella 1-ზე, რომლებსაც ისინი ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში დევნიდნენ.