ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის, სომხეთში ვიზიტს ნამდვილად ისტორიული და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა. იუწყება სომხური მედია.
„დღეს დიდი პატივია სომხეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის და მისი ხელმძღვანელობით მოქმედი დელეგაციის მასპინძლობა.
ეს ვიზიტი მართლაც ისტორიული და სიმბოლურია. ეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის პირველი ვიზიტია სომხეთის რესპუბლიკაში.
ის ასახავს იმ ძლიერი და სტრატეგიული პარტნიორობის სიღრმეს, რომელიც სომხეთის რესპუბლიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ჩამოყალიბდა“, - აღნიშნა ფაშინიანმა.
ნიკოლ ფაშინიანმა გაიხსენა, რომ 2025 წლის 7 თებერვალს გამართულ პირველ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა მოვლენების შემდგომი განვითარებისთვის და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საწყის წერტილად იქცა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონის სამშვიდობო სამიტის მასპინძლობისთვის.
„ამ სამიტით ჩვენ სერიოზული ბიძგი მივეცით სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივ ურთიერთობებს და პრეზიდენტ ტრამპის პირადი მონაწილეობით დავამყარეთ მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.