მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე საარჩევნო თემატიკაზე ჩატარებულ გამოკითხვებს "ხელისუფლების მიერ საზოგადოებაზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ტერორს" უწოდებს.
"კვლევები, რომელიც ქვეყნდება, არ ასახავს კანდიდატთა ან პარტიათა რეიტინგის რეალურ სურათს. ისინი წარმოადგენენ ფსიქოლოგიურ ტერორს საზოგადოებაზე", - განუცხადა გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს ფრანგული სააგენტო "ჩშA"-ის გამოკითხაზე კომენტირებისას, რომლის შედეგებიც დღეს გამოქვეყნდა.
მისივე განმარტებით, კომპანიებს, რომლებმაც აღნიშნულ სააგენტოს საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის ჩატარება დაუკვეთეს ("რუსთავი 2", "იმედი") "ხელისუფლება - სააკაშვილი და მერაბიშვილი აკონტროლებენ, რაც ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო თემატიკაზე თბილისში კიდევ ერთი გამოკითხვა ჩატარდა. ამჯერად დედაქალაქელების აზრი ფრანგულმა სააგენტო "ჩშA"-მ გამოიკითხა.
შეკითხვაზე "მერობის რომელ კანდიდატს აძლევთ ხმას", გამოკითხულთა პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა: გიგი უგულავა - 57 %, ირაკლი ალასაია - 14 %, , გია ჭანტურია - 11 %, გოგი თოფაძე 10 %, ზვიად ძიძიგური 5 %, , ნიკა ივანიშვილი 1 % და დავით იაკობიძე ასევე 1 %.
რაც შეეხება პარტიების რეიტინგებს, აღნიშნული გამოკითხვის მიხედვით, ყველაზე დიდი რეიტინგით თბილისში მმართველი გუნდი (44 %) სარგებლობს. მას 23 %-ით ქდმ მოჰყვება, შემდეგი ადგილები კი ასე ნაწილდება: "ალიანსი" 16 %, "მრეწველები" 9 %, "ეროვნული საბჭო" - 7 %, დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს კი ხმათა არც ერთი პროცენტი არ ერგო.
წინასააარჩევნო გამოკითხვა თბილისში 1-4 მაისს ჩატარდა. აღნიშნულის ფარგლებში 1000-ზე მეტი რესპონდენტი გამოიკითხა.
"ჩშA" ცნობილი ფრანგული სააგენტოა, რომელიც 1974 წლიდან არსებობს. მისი ხელმძღვანელის განმარტებით, გამოკითხვასა და არჩევნების რეალურ შედეგებს შორის ცდომილება საშუალოდ 3 % შეიძლება იყოს.