რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას მოკავშირეების, მათ შორის საქართველოს მიტოვებაში ადანაშაულებს.
როგორც მაკკეინმა ნიქსონის ცენტრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, იმ დროს, როცა საქართველოს ტერიტორიები რუსეთს ოკუპირებული აქვს და იქ სამხედრო ბაზებს აშენებს, ბარაკ ობამას მიერ რატიფიცირებისთვის სტრატეგიული იარაღის შემცირების შესახებ შეთანხმების კონგრესისთვის გადაგზავნა დაუშვებელი იყო.
ამასთან, რესპუბლიკელმა სენატორმა განსაკუთრებული პროტესტი ობამას იმ განცხადების გამო გამოთქვა, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს საკითხი ამ შეთანხმებისთვის ხელიშემშლელ ფაქტორს აღარ წარმოადგენს.
"ზოგს უკვირს რატომ ფიქრობენ ქართველები, რომ ვაშინგტონმა ისინი რუსეთთან გადატვირთვის ღილაკზე ხელის დაჭერის ფასად გაყიდა. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ქართველების გარდა აღმოსავლეთ ევროპელებიც წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ ამერიკელებმა ისინი მიატოვეს", - განაცხადა მაკკეინმა.