"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ბარგის ჩხრეკასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებას გერმანულ მხარეს სთხოვს.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამისი ოფიციალური მიმართვა გერმანიის ფედერალურ პოლიციას, მიუნხენის აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოში გერმანიის საელჩოს დღეს გადაეგზავნება.
უფრო კონკრეტულად, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე გერმანულ მხარესთან საქართველოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის იმ ინფორმაციის გადამოწმებას აპირებს, რომლითაც კუდ-მა ბურჯანაძის ბარგის ჩხრეკის მიზეზად სწორედ "მიუნხენის აეროპორტიდან მიღებული ოპერატიული ინფორმაცია დაასახელა".
აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება დღეს პარტიის ოფისშიც გაკეთდება.
შეგახსენებთ, რომ ნინო ბურჯანაძის ბარგი, რომელიც გუშინ კიევიდან დაბრუნდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგულდაგულოდ გაჩხრიკეს.