უკრაინის დედაქალაქ კიევიდან რამდენიმე საათის წინ დაბრუნებული "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, საქართველოს ხელისუფლებას პროვოკაციის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს. ინციდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა. ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე მისი ბარგის საათნახევრიანმა ჩხრეკამ გააღიზიანა.
ბურჯანაძის განცხადებით, ხელისუფლება მსგავსი პროვოკაციებით, იმის გადაფარვს ცდილობს, რაზეც იგი ამ დღეებში აპირებს საუბარს. ბურჯანაძის თქმით, ვიზიტის ფარგლებში მას საინტერესო შეხვედრები ჰქონდა და მათ შესახებ უახლოეს დღეებში აუცილებლად ისაუბრებს.
"ძალიან მაიტერესებს, რატომ არის ჩვენი ხელისუფლება ასეთი გონებაჩლუნგი და რატომ ჰგონია, რომ აქ ჩემოდნებით ფულს შემოვიტან და მერე ვანო მერაბიშვილის ამას ყველა ტელევიზიით გავაშუქებინებ. ალბათ მათ უნდათ ამით ძალიან ბევრი რამ გადაფარონ, რის თქმასაც მე ამ დღეების განმავლობაში ვაპირებ, ჩემი ვიზიტებიდან გამომდინარე", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.