მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი პეტრე მამრაძე საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს ოფიაციალურ განმარტებას სთხოვს იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა თბილისი მზად მოსკოვთან მოლაპარაკებების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე დასაწყებად.
"ამ დღეებში თბილისში მყოფი პოლონეთის ექს-პრეზიდენტ ალექსანდრე კვასნიევსკის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მასთან საუბარში აღნიშნა, რომ ოფიციალური თბილისი მზად არის მოსკოვთან ყოველგვარი წინაპირობების გარეშე მოლაპარაკებების დასაწყებად. ჩვენ მივესალმებით ქვეყნის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის ამ პოზიციას, თუმცა მოვითხოვთ, რომ ალექსანდრ კვასნიევსკისთან შეხვედრის დროს ნათქვამი სიტყვები გრიგოლ ვაშაძემ ოფიციალურად დაადასტუროს", - განაცხადა მამრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე განმარტებით, "თუ ეს მართლაც ასეა, ეს იქნება ძლიერი, დადებითი შემობრუნება საგარეო პოლიტიკაში, იმის მიუხედავად, რას გვიპასუხებს რუსეთი".
"ამას კმაყოფილებით შეხვდებიან საერთაშორისო ორგანიზაციები და ინსტიტუტები. გარდა ამისა, ეს იქნება იმის გარანტიაც, რომ საქართველოს დანაწევრების პროცესი შეჩერდება და აღარ გაღრმავდება", - განმარტავს ზურაბ ნოღაიდელის თანაპარტიელი.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის ექს-პრეზიდენტი საქართველოს გასულ კვირას სტუმრობდა.