საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში სასამართლო რეფორმის საკითხებზე გამართულ რეგიონულ დიალოგში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება უზენაეს სასამართლოში ჩატარდა და მას ექვსი ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონული დიალოგის ფარგლებში სამი სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელთა მიერ განსახილველი საკითხებიც თემატურად გადანაწილდა: I სამუშაო ჯგუფმა განიხილა სამოსამართლო ეთიკისა და მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის თემა; II სამუშაო ჯგუფმა − ელექტრონული საქმისწარმოება სასამართლოში, ხოლო III სამუშაო ჯგუფმა უფასო იურიდიული დახმარების შესახებ ისაუბრა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა თეა წულუკიანმა მესამე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გახსნა. მათივე ცნობით, მინისტრმა საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის რამდენიმე ეტაპად მიმდინარე რეფორმის დანიშნულებასა და სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობისთვის უფასო იურიდიული დახმარების როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სამინისტროს ცნობით, რეგიონული დიალოგის ფარგლებში პირველი შეხვედრა 2015 წლის 10-11 სექტემბერს სტრასბურგში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა თავიანთ ქვეყნებში სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმები მიმოიხილეს. ღონისძიებაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობდნენ იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, პროკურატურისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები.
უწყების ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფების პირველი შეხვედრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მასპინძლობით თბილისში, უზენაეს სასამართლოში შედგა. სამუშაო ჯგუფებმა თემატიკის მიხედვით მიმოიხილეს საკუთარ ქვეყნებში არსებული სიტუაცია, იმსჯელეს პრობლემურ საკითხებზე, გაცვალეს მოსაზრებები და დასახეს სამომავლო აქტივობები.
პროექტი ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ ერთობლივად განხორციელდა. ღონისძიებაში ექვსი ქვეყნის − საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვას, უკრაინისა და ბელარუსის − წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სამუშაო ჯგუფების მომდევნო შეხვედრა 2016 წლის დასაწყისში იგეგმება.