"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ხათუნა გოგორიშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა მის მიერ შემოთავაზებული საარჩევნო კოდექსის კანონპროექტით, მაჟორიტარული სისტემის ძირითად პრინციპებს არღვევს.
"საარჩევნო სამართლის ნებისმიერ სახელმძღვანელოში მაჟორიტარული სისტემის განმარტება ასეთია - ერთმანდატიანი მაჟორიტარული სისტემა ესაა წარმომადგენლობა დაფუძნებული ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ დაყოფაზე. ანუ, თქვენ ანგრევთ მაჟორიტარული სისტემის ძირითად პრინციპს, რადგან ავტორებმაც არ იცით რომელ საარჩევნო ოლქს ჭრით და რომელს კერავთ.
აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ამ კანონპროექტს არანაირი კავშირი საკონსტიტუციო სასამართლოსთან არ აქვს, რადგან წარმოდგენილი ვარიანტით 73 ოლქიდან მხოლოდ 19 ჯდება იმ ვარიანტში, რასაც საკონსტიტუციო სასამართლო უშვებს. 54 ამ ნორმებიდან გასულია. მათ შორის 23 საარჩევნო ოლქი 15%-იან, ე.წ. გამონაკლის რეჟიმში რჩება, დანარჩენი ამის ზემოთაა”, - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.