ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ თბილისის საკრებულოს წევრს ალეკო ელისაშვილს მოუწევს დაასაბუთოს ბრალდებები, ან ცრუ ჩვენებისთვის აგებს პასუხს.
ელისაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, პატიმრების შეწყალებაში მაღაჩინოსნები ფულს იღებდნენ, ბესელია ცილისწამებას უწოდებს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ მსგავსი ბრალდებები მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება.
,,მიმაჩნია, რომ ის რაც ახლა ხდება, ვგულისხმობ ელისაშვილის განცხადებებს, ის ან წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, ან სხვა მოტივაცია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ელისაშვილს აკისრია ვალდებულება, წარადგინოს კონკრეტული ფაქტები პროკურატურის წინაშე. გაუგებარია წელწადნახევარი რატომ სდუმდა ეს ადამიანი. მას ჩვენება მიცემული აქვს და ის ან ცრუ ჩვენებისთვის აგებს პასუხს ან დაასაბუთოს ფაქტები. მან უნდა დაასახელოს ერთი ადამიანის გვარი მაინც, რომელიც ანგარების საფუძველზე მოხვდა ამ სიაში. შესაძლოა, ელისაშვილს ჰქონდეს ნეგატიური დამოკიდებულება ამ სიაში მოხვედრილი ადამიანების მიმართ, მაგრამ ეს მას არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. როცა ელისაშვილი ასეთ განცხადებებს აკეთებს, ის შეურაცხყოფას აყენებს მთელ კომისიას. თუ ვინმე რაიმე ტიპის კორუფციაში იყო გარეული და ანგარების მოტივით იყო ჩართული ამ საქმეში, გამოვარკვიოთ და გამოვააშაკარავოთ და აუცილებლად პასუხს აგებს ნებისმიერი ადამიანი. მაგარამ მანაც უნდა აგოს პასუხი ვინც ასეთ ცილისწამებლურ განცხადებებს აკეთებს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ მისი პირველი რიგის ამოცანაა, "დაისაჯონ ის ბინძური პოლიტიკოსები, რომლებიც პატიმრების გათავისუფლებით ცდილობდა ფული ეშოვა". მისივე თქმით, "მეორე ამოცანას" გულგრილობის ფაქტზე ბადაშვილისა და გოგაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება წარმოადგენს.
აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით, ელისაშვილი და ზვიად ქორიძე პროკურატურამ დაკითხა.