10 დეკემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამო „ლექსო არ დაიკარგები“ გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.
სამინისტროს ინფორმაციით, საღამო ხალხური სიტყვიერების სფეროში განსაკუთრებული დამსახურების მქონე პიროვნებების - ვახუშტი კოტეტიშვილის, ალექსი ჭინჭარაულის და იურა (გიორგი) ჯაფარიძის ხსოვნას ეძღვნება. ღონისძიებაში მონაწილეობენ საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენლები, ინდივიდუალური და ჯგუფური შემსრულებლები, მელექსეები, მომღერლები, მოცეკვავეები და იუმორის ოსტატები. საღამოს ფოლკლორისტები ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული გაუძღვებიან.
ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით იმართება.