თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს და ბრალდებული კ.მ. დამნაშავედ სცნეს არასრულწლოვანი გ.ბ.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობაში. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. მოსამართლემ ბრალდებულ კ.მ-ს სასჯელის სახით თოთხმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. კ.მ -ს როგორც არასრულწლოვანს სასჯელის ¼ მოაკლდა და საბოლოოდ განესაზღვრა ათი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების შედეგად დადასტურდა, რომ 2015 წლის აპრილში, თბილისში, ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონის ტერიტორიაზე შელაპარაკების დროს არასრულწლოვანმა კ.მ-მ მოკვლის განზრახვით, დანის გამოყენებით, არასრულწლოვან გ.ბ-ს გულმკერდის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად გ.ბ-ს შეუნარჩუნდა სიცოცხლე.
აღსანიშნავია, რომ ბრალდებული კ.მ. დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის პირობებში. იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის ივლისის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. მას სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით კ.მ-ს მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი ვერდიქტი. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ კ.მ-ს სასჯელად განუსაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელი სსკ-ის 88-ე მუხლის თანახმად შემცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის და 6 თვის ვადით. სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 3 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ კ. მ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის და 6 თვის ვადით.