ნინო დიდებულიძემ სასამართლო პროცესზე შვილის მკვლელობასთან დაკავშირებულ უცნობ დეტალებზე ისაუბრა. თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულის გიორგი ოქროპირიძის სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე პროცესზე დაკითხვისას მან განაცხადა, რომ მკვლელზე შურისძიებას გეგმავენ.
„ამ ზაფხულს ჩემთან მოვიდა ლაშას და ჩემი უფროსი ბიჭის მეგობარი არჩილ დათუნაშვილი და მომიყვა, რა და როგორ მოხდა. მითხრა - მე და ლაშა აბაშიძეზე ვიდექით და მეგობარს ველოდებიდით. უცებ, მანქანა გაჩერდა და ოქროპირიძემ სამჯერ ესროლა, ეს წამებში მოხდა და ვერაფრის გააზრება ვერ მოვასწარი, გადმოვატრიალე ლაშა. სისხლი არ ჩანდა, პულსს ვუსინჯავდი, მაგრამ უკვე გაშავდაო. ეს ბიჭი მე არ მომატყუებს. აქამდეც ვიცოდი, რომ ვიღაც იყო ლაშასთან. აქამდე ვერ მოვედი თქვენთან, სტრესში ვიყავიო“, - განაცხადა მოკლულის დედამ.
სასამართლოზე პროკურორმა აღნიშნა, რომ დათუნაშვილს დაკითხვისას გამოძიებისთვის მსგავსი რამ არ უთქვამს.
ნინო დიდებულიძის განმარტებით, დათუნაშვილს არ უნდა, რომ ოქროპირიძე გასამართლდეს, რადგან თავად უნდა შური იძიოს.
,,პირობას გაძლევ ნინო დეიდა, პირველი მე ვიქნები, ვინც მას ღორივით დაკლავსო. მას სხვა მენტალიტეტი აქვს და უნდა თვითონ გაასამართლოს. მე კი არ ვარ განწყობილი ისე, რომ ჩემი შვილის ამხანაგი ოქროპირიძეს დაემსგავსოს და მკვლელი გახდეს“, - განაცხადა დიდებულიძემ.
შეგახსენებთ, , გიორგი ოქროპირიძეს ბრალად ედება ლაშა მახარაძის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში; მასვე ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება.