“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი, სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის რაიონული ოფისებიდან თანამშრომლების დათხოვნის ფაქტს ეხმაურება.
„16 ოქტომბერს ფეისბუქზე გამოვაქვეყნე ბრძანების ასლი, რომლითაც სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის რაიონული ოფისების 400-ზე მეტი თანამშრომელი სამსახურიდან დათხოვნის წინაშე დააყენეს.
წინა კვირაში, რეორგანიზაციის საბაბით, სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის რაიონული ოფისების ხელმძღვანელი პირები სამსახურიდან დაითხოვეს. არადა სისტემა სწორედ მათზე იდგა და ეს ნაბიჯი სხვა არაფერია, თუ არა მშრომელი, კომპეტენტური და პატიოსანი საჯარო მოხელეებისადმი პოლიტიკური შურისძიებისა და სახელმწიფოს უმადურობის კლასიკური გამოვლინება.
ეს გაკეთდა უხეში კანონდარღვევით, რადგან არანაირი რეორგანიზაცია არ მომხდარა. უბრალოდ, ოფისების ხეკმძღვანელები დაითხოვეს.
მსურს, თანადგომა გამოვუცხადო ყველა ამ ადამიანს, რომელიც დავით სერგეენკოს უსამართლო მიდგომების მსხვერპლი გახდა.
ჯანდაცვის მინისტრმა ჯერ სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონული ოფისების ”რეორგანიზაცია” ჩაატარა, ახლა კი რაიონულ ოფისებს მიადგა (სადაც სულ 1300-ზე მეტი თანამშრომელია). მას არ მოსწონს, რომ მისი პოლიტიკის სავალალო შედეგები სააშკარაოზე გამოდის და ჰგონია, რომ ამის მიზეზი რიგითი სოციალური აგენტები არიან. უფრო მეტიც, ჯანდაცვის მინისტრმა სოციალური სტატისტიკის დამალვა დაიწყო, რათა ცნობილი არ გახდეს ამ სფეროში შექმნილი სავალალო მდგომარეობა.
დავით სერგეენკოს უწყებამ 2013 წლის იანვრიდან დღემდე საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა160,000 მოქალაქით შეამცირა იმ დროს, როდესაც ივანიშვილის მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო სულ უფრო მეტი და მეტი ოჯახი ვარდება უკიდურეს სიღარიბეში.“
თბილისის მასშტაბით სოციალური მომსახურების ცენტრების უფროსებსა და მათ მოადგილეებს შრომითი ხელშეკრულება შეუწყდათ. ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ დაადასტურა.