პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე იმედოვნებს, რომ დაცხრა ვნებათაღელვა პატრიარქის ინიციატივაზე, პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით. კობახიძის შეფასებით, აღნიშნულ საკითხზე ატეხილი აჟიოტაჟი სამწუხარო იყო.
,,საოცარი ხალხი ვართ, ერთი სიტყვა არ ვაპატიეთ პატრიარქს... იმედია, დაცხრა ვნებათაღელვა საპატრიარქოს განცხადების შემდეგ. ვისურვებდი, რომ უწმინდესის ჰუმანურ სურვილებზე და მის ემოციებზე მეტი "საფრთხე" არ "დაემუქროს" კონსტიტუციურ წესრიგს ამ ქვეყანაში. ზოგჯერ, ძალიან სუსტად გამოვიყურებით, როცა მიზეზს ვეძებთ, როგორ დავუპირისპირდეთ ეკლესიას, პატრიარქს და ვინც ამას უფრო დიდი "შემართებით" ვახერხებთ, აი, უფრო მეტ "დემოკრატად" მიგვაჩნია თავი. ცოტა სასაცილოა, სამწუხარო რომ არ იყოს ეს ყველაფერი», - აღნიშნა კობახიძემ.
შეგახსენებთ, პატრიარქის მიერ პატიმრების შეწყალების ინიციატივასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ განმარტება გააკეთა.
"ა.წ. 5 დეკემბერს რუსთაველის თეატრში შედგა სპექტაკლი პატიმარი ქალების მონაწილეობით. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო თეატრის სცენა და დარბაზი მჯავრდებულებს დაეთმო. წარმოდგენაც და შექმნილი გარემოც მეტად ემოციური იყო; მისმა უწმინდესობამ სწორედ ამ ფონზე ბრძანა, რომ კარგი იქნებოდა, პატრიარქსაც ჰქონოდა პატიმრების შეწყალების უფლება.
ეს იყო მათდამი სოლიდარობის, მათი დახმარებისა და თანადგომის სურვილით ნათქვამი აზრი და არა მოთხოვნა საკანონმდებლო დონეზე ამ წინადადების განხილვისა", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.