„ნაციონალური მოძრაობის“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სია შესაძლოა, შიდა პარტიული არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე დაკომპლექტდეს.
აღნიშნული იდეა პარტიის წევრს, აკაკი ბობოხიძეს ეკუთვნის, რომელიც საკუთარ ინიციატივას „ნაციონალურ მოძაობას“ იანვარში, პოლიტსაბჭოს სხდომაზე შესთავაზებს.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს“ ბობოხიძემ განუცხადა, პარტიის საარჩევნო სიას წესდების მიხედვით, პოლიტიკური საბჭო ადგენს.
მისი თქმით, საბჭო წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით უნდა ხელმძღვანელობდეს და პარტიის ნებისმიერმა წევრმა უნდა იცოდეს, ის სიაში პარტიაში შეტანილი რა წვლილისთვის მოხვდება.
„შიდა პარტიული არჩევნები უნდა ჩატარდეს. ეს იქნება რეგიონალური თუ რაიონალური პრაიმერები, ამაზე ვიმსჯელებთ“, - დასძენს ბობოხიძე.
„ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო სიის დაკომპლექტების წესზე მსჯელობას იანვარში აპირებს.