ეკონომიკის ექსპერტი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ მთავრობა ეროვნულ ვალუტას ,,ძირს უთხრის“. მისი განცხადებით, საბიუჯეტო ორგანიზაციები ისევ ვერ ახერხებენ ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულის თანაბარზომიერ ხარჯვა, რაც ლარს დააწვება.
,,მთავრობა ლარს ძირს უთხრის.
ძალიან უცნაური ვითარება შეიქმნა. კვლავ ავერ ახერხებენ საბიუჯეტო ორგანიზაციები და მათი კონტრაქტორები ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულის თანაბარზომიერ ხარჯვას. დეკემბრის თვის დარჩენილ დღეებში ერთ მილიარდ ლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს. როგორც წესი, ეს თვის ბოლო კვირას მოხდება. მხარჯავი ერთეულები თუ ვერ აითვისებენ ფულს წლის ბოლომდე, იგი ეკარგებათ. მთავრობა ტრადიციულად არ გაწირავს მათ და ბოლო მომენტში გადაურიცხავს. ეს თანხა, როგორც წესი დეკემბრის ბოლო რიცხვებში და ახალი წლის პირველსავე სამუშაო დღეებში გადაედინება სავალუტო ბირჟაზე და აწვება ლარს. მცირეოდენი პანიკა და იწყება მიბაძვის სინდრომი. დანარჩენი გვინახია.
ფრთხილად უნდა იყოს ეროვნული ბანკი. მიუხედავად იმისა, რომ საგარეო ფაქტორები მოიხსნა, შიგა ბედოვლათები არსად გამქრალან”, - აცხადებს რომან გოცირიძე.