საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს თავის ფუნქციებს განუმარტავს. როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრეზიდენტი სპეკულირებს იმით, რომ პრეზიდენტია.
დეპუტატის შეფასებით, "ძალიან კარგია, რომ პრემიერ-მინისტრი" უშიშროების საბჭოს სხდომაზე არ მიდის.
,,უშიშროების საბჭო არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო, პრეზიდენტის ინსტიტუტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ სპეკულაციას პრეზიდენტმა უნდა თავი დაანებოს. მას სხვა ფუნქცია აქვს – დაარეგულიროს, დააბალანსოს, თუ რაიმე წინააღმდეგობაა პოზიცია დააფიქსიროს. სპეკულირებს იმით, რომ პრეზიდენტია, არჩეულია და გავლენის წარმოჩენას ცდილობს. არ შეიძლება პრეზიდენტი გამოვიდეს და თქვას, რომ პარტიული კონსენსუსია საარჩევნო თემასთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობა არ მიგვიღია. არ შეიძლება პრეზიდენტს ჰქონდეს ეროვნული ბანკიდან ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასთან დაკავშირებით უსაფუძვლო, არასწორი პოზიცია. პრეზიდენტი უნდა იყოს დამბალანსებელი და მას აქვს სერიოზული ფუნქცია, რომ წარმოადგინოს ქვეყანა საზღვარგარეთ. არ აქვს მას იმის ფუნქცია, რომ მაინცდამაინც იჭიდაოს, რომ თვითონ უნდა წავიდეს ამა თუ იმ ფორუმზე. პრეზიდენტი არ ხელმძღვანელობს აღმასრულებელ სტრუქტურებს", - განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, სხდომაზე უნდა მივიდნენ მინისტრები და დააფიქსირონ პრემიერის პოზიცია.
,,ყველა დადებითაც არის განწყობილი, რომ მიაწოდოს პრეზიდენტს ინფორმაცია. გავიხსენოთ უელსში პრეზიდენტის დელეგაციის ვიზიტი ნატო-ს სამიტზე. მისი ვიზიტი მშვენიერი იყო. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, პრემიერთან დეტალურად ჩამოყალიბდა საკითხებზე და ყველა შეხვედრაზე მშვენიერი შედეგი აჩვენა. ეს არის მისი ფუნქცია. თუმცა, როდესაც ისეთი გადაწყვეტილებაა მისაღები, რომელსაც სამთავრობო სტრუქტურებისგან რეალიზაცია სჭირდება, ნუ ქმნის საზოგადოებაში იმის განცდას, რომ დაპირისპირებაა ორ მთავარ ინსტიტუტს – მთავრობასა და პრეზიდენტს შორის.
მინისტრები უნდა მივიდნენ და ისაუბრონ. პრემიერ-მინისტრი რომ არ მიდის, ნუ ქმნით, რომ ეს დიდი პრობლემაა", - აღნიშნა ვოლსკიმ.