ლაშა მახარაძის დედა ნინო დიდებულიძე იმედოვნებს, რომ ახალ ნაფიც მსაჯულებს დაარწმუნებს გიორგი ოქროპირიძის დანაშაულში. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან სასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„იმედი მაქვს, რომ ნაფიცები გამამტყუნებელ ვერდიქტს გამოიტანენ, იმიტომ, რომ სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს. ნაფიც მსაჯულებს მინდა კარგად გავაგებინო, სიმართლე რაშია. მე არაფერი რომ არ მეჩვენება, ფაქტია. მეორე წელია ტყუილად არ დავდივარ სასამართლოში. ნაფიცმა მსაჯულებმა კარგად უნდა გაიგონ, რომ გიორგი ოქროპირიძე არის ჩემი შვილის, ლაშა მახარაძის მკვლელი. არსებობენ ამის მოწმეები, არის საკმარისი მტკიცებულებები. მთავარია, მონდომებულები იყვნენ ნაფიცები და კარგად მოისმინონ ყველას ჩვენება და გულთან ახლოს მიიტანონ ჩემი გაჭირვება. მინდა, რომ ნამდვილი მკვლელი გიორგი ოქროპირიძე დაისაჯოს“, - განაცხადა ნინო დიდებულიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის პროცესი ნაფიცი მსაჯულების პირობებში იწყება.
საქმეზე ნაფიც მსაჯულთა პირველმა შემადგენლობამ, მიმდინარე წლის ივნისში, 13-საათიანი მსჯელობის შემდეგ ვერდიქტი ვერ გამოიტანეს. მსაჯულების ახალი შემადგენლობის არჩევის პროცესი ხუთ თვეს გაგრძელდა. იმ შემთხვევაში, თუ ნაფიცი მსაჯულების ახალმა შემადგენლობამაც ვერ შეძლო ვერდიქტის გამოტანა, ოქროპირიძე გამართლებულად ჩაითვლება.