,,თუ მოწმეს სასამართლო სხდომამდე ინფორმაციის მიწოდების არანაირი ვალდებულება არ ექნება, მაშინ სისხლის სამართლის უამრავი დანაშაული გაუხსნელი დარჩება", - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. თუმცა აქვე აღნიშნა, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვები მასაც აქვს.
ხმალაძის შეფასებით, მოწმეთა დაკითხვის წესში, რომელიც 31 დეკემბრიდან უნდა ამოქმედდეს, თუკი ცვლილებები არ შევა, კრიმინალური ვითარების გაუმჯობესებას ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნება.
"რასაც არასამთავრობო სექტორი ამბობს, რომ თუ მხოლოდ საქმის არსებითი განხილვისას მოხდება მოწმეთა დაკითხვა თუ გამოკითხვა და თუ მოწმეს სასამართლო სხდომამდე ინფორმაციის მიწოდების არანაირი ვალდებულება არ ექნება, მაშინ მინდა დაგარწმუნოთ, რომ სისხლის სამართლის უამრავი დანაშაული გაუხსნელი დარჩება", - აღნიშნა ხმალაძემ.
რაც შეეხება საკუთარ შენიშვნებს, დეპუტატმა განაცხადა, რომ ამაზე პროექტის საკომიტეტო განხილვისას ისაუბრებს.
"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" და სხვა კანონებში შესატანი ცვლილებები, რომელიც გამოძიებისას, მოწმის მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვის საკითხებს არეგულირებს, უკვე პარლამენტშია. ცვლილებების მიხედვით, მოწმის გამოკითხვა გამომძიებლის მხრიდან ნებაყოფლობითი იქნება, მაგრამ თუ ის ინფორმაციის მიწოდებაზე უარს ამბობს და თუ გამომძიებელს, პროკურორს მიაჩნია, რომ მოწმე დანაშაულის გახსნისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს, მაშინ პროკურორს უფლება ექნება სასამართლოს მიმართოს და სასამართლოს თანხმობის შემთხვევაში, მოწმე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხოს. ასეთ შემთხვევაში მოწმე ვალდებულია, სასამართლო სხდომაზე გამოცხადდეს.
მოწმის დაკითხის ახალი წესი 2015 წლის 31 დეკემბრიდან შედის ძალაში.
პროექტის ავტორები არიან იუსტიციის, შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროები და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.