დღეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ფაშიზმზე გამარჯვების დღე 9 მაისი ომის ვეტერან პედაგოგს გაბრიელ გაბიტაშვილს პირადად მიულოცა და საჩუქრები გადასცა. მინისტრმა 9 მაისი ასევე ყველა ომის მონაწილე ვეტერან პედაგოგს მიულოცა და ჯანმრთელობა უსურვა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მადლობა გადაუხადა გაბრიელ გაბიტაშვილს ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის და ქვეყნის წინაშე დამსახურებისთვის.
გაბრიელ გაბიტაშვილი მეორე მსფლიო ომის მონაწილე და ბევრი სამხედრო ჯილდოს მფლობელია. იგი 65 წელი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, ოცი წლის ასაკში მუშაობა დაიწყო დაწყებითი კლასის მასწავლებელად გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში. ომის შემდეგ თბილისის ქალთა №2 საშუალო სკოლაში ბიოლოგიას ასწავლიდა. 1954-1995 წ.წ. 53-ე საშუალო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი და სკოლის დირექტორის მოადგილე იყო, არის 60-მდე ნაშრომის ავტორი და სხვადასხვა დროს მინიჭებული აქვს წარჩინებული და დამსახურებული მასწავლებლის წოდებები.