რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკითხვა მთავარ პროკურატურაში ხვალისთვის გადაიდო. ამის მიზეზად გვარამიას ადვოკატის, მოუცლელობა სახელდება.
პროკურატურამ ნიკა გვარამია და ალექსი ახვლედიანი უკვე დაკითხა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ნიკა გვარამიასა და ალექსი ახვლედიანის ჩვენებებში არის არსებითი წინააღმდეგობა და გამოძიება ნიკა გვარამიას მოწმის სახით დამატებით დაკითხავს.
თუმცა, დაკითხვა უკვე მეორეჯერ გადაიდო. დღეისათვის დაკითხვა გვარამიას მოთხოვნით ჩაინიშნა, დღევანდელი დაკითხვა კი ადვოკატ ლევან ვეფხვაძის მოუცლელობას უკავშირდება.
შეგახსენებთ, გვარამიას დაკითხვა მისი განცხადების საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება, რომლის მიხედვით, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი - 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანისგან ხელისუფლების მესიჯი მიიღო, რომელიც შანტაჟს შეიცავს.