საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვატიკანიდან კოსტა-რიკაში გაემგზავრება. ამის შესახებ მედიას ინფორმაცია დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ მიაწოდა.
მისი განმარტებით, კოსტა-რიკაში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის ახალი პრეზიდენტის - ლაურა ჩინჩილია მირანდას ინაუგურაციას დაესწრება, რის შემდეგაც ინაუგურაციაზე მიწვეულ ლათინო და ცენტრალური ამერიკის ლიდერებთან გამართავს შეხვედრას.
"ლათინური და ცენტრალური ამერიკის რამდენიმე ქვეყანასთან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციების შეხვედრები უკვე შედგა. აღნიშნულ ქვეყნებს შორისაა: არგენტინა, ბრაზილია, კუბა, ეკვადორი, ბოლივია. ამ ქვეყნებმა საქართველოს მიმართ ინტერესი ეკონომიკური კუთხით გამოთქვეს. შესაბამისად, კონკრეტულ საკითხებზე საუბარი უკვე ქვეყნის პირველ პირთან შედგება. ეს საქართველოსთვის ახალი რეგიონია. საქართველოს სჭირდება ამ რეგიონში პოზიციების შექმნა და განმტკიცება", - აღნიშნა მანჯგალაძემ.