"ალიანსი საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ სოციალური პროგრამის პრეზენტაცია გამართა.
100-ლარიანი დანამატი პენსიონერებს გაზისა და ელექტროენერგიის ხარჯების დასაფარად, უფასო საბაზისო მედიკმენტები, ყველა პენსიონერს უფასო დაზღვევა - აღნიშნულს "ალიანსის" მიერ მომზადებული სოციალური პროგრამა ითვალისწინებს.
გარდა ამისა, რომ "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა, სოციალურად დაუცველებს 100 ლარით გაეზრდებათ დახმარება და უფასოდ ისარგებლებენ მუნიციპალური ტრანსპორტით.
"ჩემი გამარჯვების შემთხვევაში პირობები საგრძნობლად გაუუმჯობესდებათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ომის ვეტერანებს, მარჩენალდაკარგულ პირებს და მრავალშვილიან ოჯახებს. ყოველ მესამე შვილზე ერთჯერადი დახმარების სახით 800 ლარი გაიცემა, მეოთხე შვილზე 1000 ლარი, ყოველ მომდევნო შვილზე კი დახმარება 500 ლარით გაიზრდება. ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 50 ლარი დაირიცხება", - განაცხადა ალასანიამ.