მოძრაობა "ერთიანი საქართველოსთვის" "ეროვნული საბჭოს" თბილისის მერობის კანდიდატ ზვიად ძიძიგურს სოლიდარობას უცხადებს და მის საცხოვრებელ სახლთან წუხელ მომხდარ ინციდენტს ხელისუფლების მიერ მოწყობილ პროვოკაციად აფასებს.
"დარწმუნებულნი ვართ იმ ინფორმაციის სიმართლეში, რაც თავად ზვიად ძიძიგურმა გაახმოვანა და არა ხელისუფლების მიერ შეთხზულ ამბავში, რომელსაც სახელისუფლებოს არხები ავრცელებენ", - ნათქვამია ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის განცხადებაში და აქვე აღნიშნულია, რომ "ეს პროვოკაცია მის პოლიტიკურ საქმიანობასა და გუშინდელ აქციაზე მის მიერ ხელისუფლების წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება".
აღნიშნულის კონტექსტში, მოძრაობა "ერთიანი საქართველოსთვის" წინასაარჩევნო მონიტორინგის პროცესში ჩართულ საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, "დროულად ჩაერთონ აღნიშნული საქმის გარკვევაში და არ დაელოდნონ 31 მაისს, როდესაც არჩევნები უკვე დამთავრებული იქნება".
შეგახსენებთ, რომ "ეროვნული საბჭოს" მერობის კანდიდატის საცხოვრებელ სახლთან წუხელ ინციდენტი მოხდა. მმართველი გუნდის აქტივისტების მტკიცებით, ისინი ჩოლოყაშვილის ქუჩაზე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატების პლაკატებს აკრავდნენ, როცა "მათთან ზვიად ძიძიგური მივიდა, ჯერ სიტყვიერი, შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მოგვიანებით კი მათი მიმართულებით 4-ჯერ გაისროლა". თავად ძიძიგურის მტკიცებით კი, მას თავს 50-მდე კაცი დაესხა და ჰაერში სიტუაციის განმუხტვის მიზნით გაისროლა.
მომხდარზე პროკურატურამ ხულიგნობის მუხლითYსისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა.