"კონსერვატიული პარტიის" ლიდერი და "ეროვნული საბჭოს" თბილისის მერობის კანდიდატი აღიარებს, რომ გუშინდელი ინციდენტის დროს იარაღიდან გაისროლა, თუმცა მისი თქმით, მან 3 გასროლა ჰაერში განახორციელა. მისი თქმით, მას იარაღის ტარების უფლება აქვს და იარაღს ყოველთვის თან ატარებს. ამის შესახებ ძიძიგურმა დღეს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო რაც იგი პლაკატების გაკვრის გამო ატეხილი ჩხუბის გასაშველებლად მივიდა.
"პლაკატების გაკვრის გამო ჩხუბი იყო ატეხილი ჩემი სახლის წინ, ჩემს მეზობლებსა და "ნაციონალების" აქტივისტებს შორის. ჩავედი გასაშველებლად, 50 კაცი დამესია, მანქანებით, სასწრაფოდ მოცვივდნენ იყვნენ მათ შორის იყვნენ ე.წ. ძველი ბიჭები, იყვნენ "ნაციონალური მოძრაობის წევრები" და რამდენიმე იარაღიანი ადამიანი. მათ დაიწყეს ჩემზე ფიზიკური ზეწოლის განხორციელება. დავიხიე უკან სანამ შეიძლებოდა, ჩემი სახლის ჭიშკრამდე დავიხიე, იმის იქით მე აღარასოდეს დავიხევ უკან, ყველამ იცოდეს. ამოვიღე იარაღი და ჰაერში გავისროლე 3-ჯერ, იმისათვის, რომ განმემუხტა ეს მდგომარეობა. გაფრთხილებთ ყველას, არავის გაქთ უფლება ჩემ ოჯაში შემოჭრის. არავითარ შემთხვევაში უკან არ დავიხევ. ვარ უკიდურესად აღშფოთებული. ვაცხადებ, ასეთი პროვოკაციების განმეორების შემთხვევაში, გავიმეორებ იგივეს. დავიცავ ჩემს სახლს და უფლებებს", - განაცხადა ძიძიგურმა.
ძიძიგურის თქმით, მის მიმართ პროვოკაციები მანამდეც განხორციელებულა:
"რაც ხელისუფლებამ ააგორა ჭორი, რომ მე სამშობლოს მოღალატე ვარ, ხან მთვრალი "ნაციონალები შემომვარდნენ, ხან გარედან მიგინებდნენ ოჯახს ღამის საათებში. ეს ყველაზე დიდ მასშტაბიანი რაც გუში განხორციელდა", -ამტკიცებს ძიძიგური.
აღნიშნული ინციდენტის გამო "ეროვნული საბჭოს" თბილისის მერობის კანდიდატმა, საკუთარ ამომრჩეველს ბოდიში მოუხადა.
"ყველას მინდა ბოდიში მოვუხადო, ვისაც არ მოეწონა, რომ ჰაერში გავისროლე, მაგრამ მე კაცი ვარ და ჩემი ოჯახისა და სამშობლოს სადარაჯოზე დავდგები ყოველთვის", - განაცხადა ძიძიგურმა.
ძიძიგური პროკურატურის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მის წინააღმდეგ საქმე აღიძვრება ხულიგნობის ბრალდებით.
"რაც გინდათ ის გადაწყვიტეთ და რაც გინდათ ის ქენით, თქვენი იურიდიული სამართალი ნაკლებად მაინტერესებს და კარგად ვიცი", - აღნიშნა ძიძიგურმა.