საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, საქართველო-რუსეთისა და რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობა და თვითმმართველობის არჩევნები იყო შვედეთში დავით ბაქრაძისა და საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შეხვედრებზე განხილვის მთავარი თემა.
შვედეთი როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა და პოლონეთთან ერთად აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ავტორი საქართველოსა და ევროპის მჭიდრო ურთიერთობებზე აკეთებს აქცენტს. რუსეთს კი 12 აგვისტოს ხელმოწერილი ხელშეკრულების შესრულებისკენ მოუწოდებს.
დავით ბაქრაძე უკვე შეხვდა მის შვედ კოლეგას პერტ ესტენბერგს და საგარეო საქმეთა მინისტრს კარლ ბილდტს რომელიც არჩევნებამდე საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს. კარლ ბილდტთან საუბრის მთავარი თემა კონფლიქტები იყო.
მოგვიანებით კი ბაქრაძე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად სტოკჰოლმის სამეფო სასახლეში შვედეთის მეფემ მიიღო.
"ყველა შეხვედრაზე ჩვენ გვქონდა ძალიან გულწრფელი და გულახდილი დისკუსია და კიდევ ერთხელ გამოჩნდა და დადასტურდა, რომ ჩვენს შვედ კოლეგებს აღელვებთ საქართველოში მიმდინარე პროცესები, ისინი მზად არიან გააგრძელონ მხარდაჭერა და არა მხოლოდ გააგრძელონ არამედ უფრო მეტად დაგვიჭირონ მხარი ყველა თემაში _ დაწყებული საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობებიდან და დასრულებული ქართულ-რუსული ურთიერთობებით", _ განაცხადა დავით ბაქრაძემ.