"ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი დარწმუნებულია, რომ "ეროვნული საბჭოს" თბილისის მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური მმართველი გუნდის აქტივისტებს მხოლოდ პლაკატების გაკვრისთვის არ გაუსწორდებოდა.
როგორც დავითაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ის ეჭვობს, რომ მერობის კანდიდატს პროვოკაცია მოუწყვეს.
"გუშინ მომხდარი ინციდენტის შესახებ პირველად თქვენგან გავიგე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ზვიად ძიძიგური სროლას მის საცხოვრებელ სახლზე მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატების პლაკატების გაკვრისთვის არ დაიწყებდა. წინა არჩევნების დროს იყო შემთხვევა, როცა მმართველი გუნდის აქტივისტებმა ზვიადის სახლის ფანჯრებს ქვები დაუშინეს. ვფიქრობ, ახლაც რაიმე მსგავსი მოხდებოდა, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია",- განუცხადა დავითაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
შეგახსენებთ, რომ "ეროვნული საბჭოს" მერობის კანდიდატის საცხოვრებელ სახლთან წუხელ ინციდენტი მოხდა. მმართველი გუნდის აქტივისტების მტკიცებით, ისინი ჩოლოყაშვილის ქუჩაზე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატების პლაკატებს აკრავდნენ, როცა "მათთან ზვიად ძიძიგური მივიდა, ჯერ სიტყვიერი, შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მოგვიანებით კი მათი მიმართულებით 4-ჯერ გაისროლა".