საზოგადოება შეთანხმებული ვართ, რომ ბიძინა უნდა წავიდეს, - განაცხადა გიგა ბოკერიამ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გამართულ აქციაზე. ბოკერიას თქმით, ივანიშვილს პოლიტკური განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს.
"ჩვენ არ ვართ მოსული ერთი მოქალაქის სახლთან ჩვენ ვდგავართ სახელმწიფო კანცელარიასთან, ჩვენ ვდგავართ იმ სახლთან, ვინც მართავს მთელს საქართველოს. აქ ზის კაცი, რომელიც ერთობა ჩვენი ქვეყნის მომავლით. ამ კაცს ახარებს საზოგადოების დამცირება. ამ კაცს ახარებს საკუთარი თოჯინების დამცირება, რომლითაც გაავსო მთავრობა. ეს კაცი ბოლო სამი წელია დაკავებულია მხოლოდ იმით, რომ ჩაახშოს საზოგადეობაში ის ძალები, ვინც საფრთხეს უქმნის მის ძალაუფლებას. სწორედ ამიტომაა, რომ ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობს როგორ გააჩუმოს "რუსთავი 2", ფიქრობს იმაზე, როგორ გააჩუმოს ისინი ვინც ხმას ამოიღებენ. როგორ ჩაკეტოს ციხეში პოლიტპატიმრები, რომელთა რიცხვს დაემატა სამი ქუთაისელი ახალგაზრდა. მაგრამ მან უნდა იცოდეს ჩვენი პასუხი ამაზე - ჩვენ არასოდეს არ შევეგუებით ამას. მან უნდა იცოდეს, რომ პოლიტკური განაჩენი მას გამოტანილი აქვს უკვე. ერთი რამაა გასარკვევი, როდის მოვა სისრულეში ეს განაჩენი და რამდენად მკაცრი იქნება ის. ჩვენ, საზოგადოება შეთანხმებული ვართ, რომ ბიძინა უნდა წავიდეს. ესენი უნდა წავიდნენ, რომ გამარჯვება იზეიმოს საქართველომ. ", - განაცხადა გიგა ბოკერიამ ბიძინა ივანიშვილის სალხთან გამართულ აქციაზე.
ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მედიის თავისუფლების მხარდასაჭერად და ქუთაისში დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება.
ცნობისთვის, ქუთაიში რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულებს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ნიკა ნარსიასა და კახა გაბუნიას ხულიგნობაში ადანაშაულებენ. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით წარუდგინეს, რაც სასჯელად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მესამე დაკავებულს მირიან დეისაძეს კი, ხულიგნობასთან ერთად, ცემასაც ედავებიან. გამოძიების ინფორმაციით, 2 ოქტომბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, დაკავებულებსა და უმრავლესობის დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც დეპუტატს პიჯაკი შემოახიეს. დაკავებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და პროტესტის ნიშნად შიმშილობენ.