საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი დღეს, 17:00 საათზე, საარჩევნო ყრილობამდე ბოლო სხდომას გამართავს. დღის წესრიგი და თემატიკა საარჩევნო იქნება.
სფფ-ის XXIV საარჩევნო ყრილობა ხვალ, 3 ოქტომბერს, სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-ში გაიმართება. 10:00 საათიდან, დელეგატებისა და მედიის რეგისტრაცია დაიწყება. 11:00 საათიდან კი, ყრილობა მუშაობას შეუდგება.
სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, კანდიდატებისთვის ხმის მიცემის უფლებით სფფ-ის წევრების მიერ შერჩეული დელეგატები სარგებლობენ. ფედერაციის წესდების მეათე მუხლში ჩამოთვლილია სფფ-ის 35 წევრი – რეგიონალური ფედერაციები, საფეხბურთო კლუბები, ფეხბურთთან დაკავშირებული ასოციაციები და გაერთიანებები. საპრეზიდენტო კანდიდატურებსაც სფფ-ის სუბიექტები წარადგენენ. არჩევნებიდან 3 დღით ადრე საფეხბურთო დავების განმხილველმა სპორტულმა ტრიბუნალმა გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონალური ფედერაციის დელეგატები არჩევნებს ჩამოაშორა.
სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები არიან რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია