ევროპაში მოთამაშე ქართველი ხელბურთელები სეზონს აგრძელებენ. წინა კვირის გმირი იყო რევაზ ჭანტურია, რომელმაც მაკედონიის სტრუმიცას შემადგენლობაში 13 გოლი გაუტანა ბოსნიის ბორაცს.
სამხრეთ-აღმოსავლეთი ლიგის თასზე სტრუმიცამ ორჯერ ითამაშა - ჯერ სტუმრად
13-42 განადგურდა ზაგრებში, რაც შესაძლოა იმის ბრალი იყო, რომ მატჩამდე
მაკედონიურ კლუბს ფინანსური პრობლემები ჰქონდა. ჭანტურიამ ამ თამაშში გოლი
ვერ გაიტანა. რაც მისთვის უიშვიათესი შემთხვევაა, მაგრამ უკვე შინ,
ბანია-ლუკას ბორაცთან 13 ბურთი მარტო რეზომ შეაგდო, მათ შორის, ზედიზედ 6 -
პირველ ტაიმში (ზუსტი სტატისტიკა ასეთია: 12/7 კუთხიდან, 5/4 შვიდმეტრიანი,
2/2 სწრაფი გარღვევა). სტრუმიცა 27-30 აგებდა, მაგრამ 59-60 წუთებზე სამი
გოლი გაიტანა და მატჩი ფრედ დაასრულა - 30-30.
სტრუმიცას, ისევე როგორც ნოვი სადის ვოივოდინას 6 მატჩიდან მხოლოდ 2 ფრე
აქვს. სერგო დათუკაშვილის სერბული კლუბი სეჰა-ლიგაზე ბელარუსში დამარცხდა
მეშკოვ ბრესტთან (22-31) ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე შინ მოუგო რუსეთის
მედვედებს - 26-24. დათუკაშვილს ამ ორ მატჩში არ უთამაშია.
თურქეთის ჩემპიონატში რატი მსხვილიძის გუნდი, თუთუნსფორ აქჩაბათი ჯერ
ანთალიასთან დამარცხდა (25-34, ქართველმა ინსაიდმა 1 გოლი გაიტანა),
მესამე ტურში კი პირველი მატჩი მოიგო შინ ანკარასთან - 32-18. აქ რატიმ
უკვე 9 ბურთი შეაგდო, ხოლო მისმა ძველმა თანაგუნდელმა ტრაბზონსფორიდან,
აზერბაიჯანელმა ოლეგ გეორგიევსკიმ - 7.
რუმინეთის ჩემპიონატს 18 ქულით ლიდერობენ CSM ბუქარესტი და ოდორჰეი.
ოდორჰეიმ ზედიზედ მეევსე მატჩი შინ კელერაშის მოუგო - 29-27 (ვლადიმერ
რუსიამ 7 გოლი გაიტანა), მაგრამ მეშვიდე ტურში 22-26 წააგო ტარგუ ჟიუსთან
იმის გამო რომ აკლდა 3 ლიდერი, გორან კუზმანოვსკი, ლაზო მაინოვი და რუსია,
რომელმაც თამაში ოჯახური პრობლემების გამო გამოტოვა.
ლიდერებს 16 ქულით მიჰყვება სამი კლუბი - ბუქარესტის სტიაუა და დინამო,
ასევე შოთა თევზაძის რეშიცა. ქართველი მეკარის კლუბი სეზონში პირველად
ტურდაში დამარცხდა - 23-24, შემდეგ კი შინ დინამო ბუქარესტი სძლია - 35-34.
12 ქულით მეექვსე ადგილზეა ტიმიშოარას პოლიტექნიკა, რომელმაც ზედიზედ ორი
მატჩი მოიგო. ირაკლი ჩიქოვანის გუნდმა შინ დაამარცხა ფოჩანი (31-26) და
სტუმრად - ვასლუი (27-23). საქართველოს ნაკრების შუამარბმა 5 და 3 გოლი
გაიტანა და 7 მატჩში 37 დაუგროვდა.