შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1955 წელს დაბადებული შოთა მ. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, მუხიანის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკებისას, თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ორ მეზობელს - 1969 წელს დაბადებულ ნუგზარ ა-ს და 1952 წელს რევაზ ბ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილები ადგილზე გარდაიცვალნენ.
სამართალდამცველებმა შოთა მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109 მუხლით).