საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, ინგლისში მიმდინარე მსოფლიოს თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში, დღეს არგენტინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
საქართველო-არგენტინის ნაკრებების შეხვედრა გლოსტერში, თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი გადასცემს.
თამაშის წინა დღეს ორივე გუნდმა ტრადიციული კაპიტნის ვარჯიში გამართა, შემდეგ კი, წინა-სამატჩო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, მოთამაშეებმა დავით კაჭარავამ და თამაზ მჭედლიძემ უპასუხეს.
ცნობილია საქართველოს ნაკრების სამატჩო შემადგენლობა: 15 მერაბ კვირიკაშვილი, 14 თამაზ მჭედლიძე, 13 დავით კაჭარავა, 12 მერაბ შარიქაძე, 11 გიორგი აფციაური, 10 ლაშა მალაღურაძე,
9 ვასილ ლობჟანიძე, 1 მიხეილ ნარიაშვილი, 2 ჯაბა ბრეგვაძე, 3 დავით ზირაქაშვილი, 4 კოტე მიქაუტაძე, 5 გიორგი ნემსაძე, 6 გიორგი თხილაიშვილი, 7 ვიტო კოლელიშვილი, 8 მამუკა გორგოძე (კაპ).
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები C ჯგუფში ახალი ზელანდიის, ტონგას, არგენტინისა და ნამიბიის ნაკრებებთან ერთად თამაშობს, მეოთხედფინალში პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები გადიან. ამ დროისთვის ჯგუფში პირველ ადგილზეა ახალი ზელანდია 9 ქულით, 4 ქულა აქვს საქართველოს, 1 ტონგას, დანარჩენებს 0-0.
რაგბის მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა ტონგასთან გამართა და ანგარიშით 17:10 მოიგო.