სანამ მოსამართლე სამუდამოდ დაინიშნება, სამი წლის განმავლობაში უნდა შეფასდეს და არა გარეშე პირების მიერ, არამედ მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მართლმსაჯულების რეფორმის პროექტის წარდგენისას განაცხადა. თეა წულუკიანმა ასევე აღნიშნა, რომ რეფორმების მეორე ტალღა ქვეყნის გარეთ ბევრმა გააკრიტიკა, თუმცა მთავარია რას ფიქრობენ ქვეყნის შიგნით.
,,პირველი ტალღა იყო დეპოლიტიზაცია, მეორე ტალღა იყო შეფასების სისტემის კრიტერიუმების შემოტანა კანონით, ამაზეც ბევრმა გაგვაკრიტიკა ქვეყნის გარეთ, მაგრამ მთავარია, რას ვფიქრობთ ქვეყნის შიგნით. ქვეყნის შიგნით ჩვენ ვფიქრობთ, რომ დიახ, სანამ მოსამართლე სამუდამოდ დაინიშნება, სამი წლის განმავლობაში უნდა შეფასდეს. შეფასდეს არა გარეშე პირების მიერ, არამედ მხოლოდ მიუკერძოებელი და დეპოლიტიზებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ. მესამე ტალღა იყო რევოლუციური პროექტი და კიდევ ერთხელ მრავალი მადლობა პარლამენტს, რომ მხარი დაგვიჭირა და შემოვიღეთ ჩვენი ბავშვებისთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და არც ერთი მთავრობის ხელში მომავალში აღარ იქნება შესაძლებელი, რომ რომელიმე ბავშვი, იმიტომ, რომ მურაბა მოიპარა, მრავალი წლით ჩაჯდეს ციხეში” - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.