საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე აცხადებს, რომ მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღას სასამართლო კორპუსი დიდი ენთუზიაზმით არ შეხვდა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი იუსტიციის მინისტრმა წარადგინა, ნინო გვენეტაძემ ასევე აღნიშნა, რომ ბევრი უსაფუძვლო ეჭვი ან ზედმეტი კრიტიკა იქნა გამოთქმული ზოგ საკითხებთან მიმართებაში.
"მე მინდა, იცოდეთ, რომ რეფორმის მესამე ტალღას არცთუ ისე დიდი ენთუზიაზმით შეხვდა სასამართლო კორპუსი, მაგრამ დაინერგა ძალიან კარგი ტრადიცია და ამაში იუსტიციის სამინისტრომაც შეგვიწყო ხელი, რომ ჩვენ ყველა მოსამართლის დონემდე, ღია თუ საჯარო შეხვედრებზე გვემსჯელა თითოეულ დეტალზე, რაც ხშირ შემთხვევაში ესოდენ მტკივნეული აღმოჩნდა. იყო ძალიან სენსიტიური თემები, სადაც ბევრი უსაფუძვლო ეჭვი ან ზედმეტი კრიტიკაც კი იქნა გამოთქმული ამ საკითხებთან მიმართებაში, მაგრამ საბოლოო ჯამში, ჩვენ, შეიძლება ითქვას, ძირითად საკითხებზე თანხმობას ნამდვილად მივაღწიეთ", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ პაკეტის მიზანი სასამართლოსთვის კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობის გარანტიაა.